ჩვენს შესახებ

საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა  (RED) არის დანიურ-შვეიცარიული ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის დაძლევას სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 10.1მლნ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს, მხარს დაუჭერს სამ მიმართულებას:

  • სასურსათო და სათესლე კარტოფილის მწარმოებლების პროდუქტიულობისა და მომგებიანობის ზრდა;
  • რძის, რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის მწარმოებლების პროდუქტიულობისა და მომგებიანობის ზრდა;
    • ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მეკარტოფილეობისა და მერძევეობა/მესაქონლეობის დარგებში.

პროგრამა განახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს: ა) ტექნიკურ დახმარებას  სასურსათო და სათესლე კარტოფილის მწარმოებლებისათვის პროდუქციის წარმოებისა და მარკეტინგის  სფეროებში; ბ) ტექნიკურ დახმარებას რძის, რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის მწარმოებლებისთვის პროდუქციის წარმოებისა და მარკეტინგის  სფეროებში; და გ) კერძო ინვესტიციების სტიმულირებას პროექტის ფარგლებში არსებული ორი ფინანსური მექანიზმის საშუალებით: უზრუნველყოფილი დაკრედიტება და თანაინვესტირების პროგრამა. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად გაიზრდება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის  მხარეებში მცხოვრები და აღნიშნულ დარგებში დასაქმებული ოჯახების შემოსავლები და, შესაბამისად, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი პირობები.

ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობაში ჩართული სხვადასხვა საწარმოების ხელშეწყობის მიზნით, RED პროგრამის ფარგლებში შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო სატელევიზიო შოუ და რადიო გადაცემების ციკლი.  შოუს მეშვეობით ფერმერებს, მწარმოებლებსა და გადამამუშავებელ საწარმოებს მიეწოდებათ ინფორმაცია წარმატებული ფერმერების, მათი გამოცდილებისა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შესახებ.

RED პროგრამის განხორციელებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხებს. ასევე, პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობაში ქალთა ჩართულობა.

RED პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში არსებული ფერმერები/საწარმოები მიიღებენ მნიშვნელოვან დახმარებას. ინდივიდუალურად შემუშავებული ტექნიკური დახმარებისა და გაზრდილი კერძო ინვესტიციების შედეგად, მეკარტოფილეობისა და მერძევეობა/მესაქონლეობის დარგში   მომუშავე ფერმერები და საწარმოები გაზრდიან თავიანთ პროდუქტიულობასა და შემოსავლებს, რაც თავისთავად გამოიწვევს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

RED პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი:

  • მეკარტოფილეობის საწარმოო ჯაჭვი: ტრენინგები ჩაუტარდება მეკარტოფილეობის სექტორში ჩართულ 1500 ფერმერს/საწარმოს (საცალო მოვაჭრეები, ბითუმად მოვაჭრეები, საწარმოო საშუალებების მომწოდებლები, სასაწყობო მეურნეობები და თესლის მწარმოებლები). მათგან 45 შერჩეული კანდიდატი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფილი სესხის ან თანაინვესტირების სახით, რაც გამოიწვევს პროდუქტიულობის 55%-ით გაზრდას და საწარმოო დანახარჯების  18%-ით შემცირებას.
  • მერძევეობა/მესაქონლეობის საწარმოო ჯაჭვი: ტექნიკური დახმარება გაეწევა 550 ფერმერს, მომსახურების მომწოდებელს და გადამამუშავებელ საწარმოს. მათგან, დაახლოებით 150 შერჩეული კანდიდატი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას, რაც გამოიწვევს წარმოებული რძის რაოდენობის 15%-იან ნამატს და შემოსავლების 10%-ით გაზრდას.

კერძო ინვესტიციები: RED პროგრამის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მოხდება 10.5 მლნ შვეიცარიული ფრანკის კერძო ინვესტიციების სტიმულირება მეკარტოფილეობისა და მერძევეობა/მესაქონლეობის სექტორში. აქედან, 5.5 მლნ შვეიცარიული ფრანკი გაიცემა სესხების სახით უზრუნველყოფილი დაკრედიტებით , ხოლო 5 მლნ შვეიცარიული ფრანკის მოზიდვა მოხდება თანაინვესტირების პროგრამის მეშვეობით.